თოფუზის“ წესები და რეგულაციები

 

 

      ფესტივალის ორგანიზატორები

       ა.ა.ი.პ. „ანიმაციის განვითარების ფონდი“, ა.ა.ი.პ. „პერსონაჟი“, ა.ა.ი.პ. „პროექცია“. სამივე ორგანიზაციას აქვს თანაბარი უფლებები და შეუძლია იმოქმედოს, როგორც ფესტივალის მფლობელმა.

 

         ფესტივალი შედგება 2 ძირითადი ნაწილისგან:

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“, რომელიც გაიმართება ბათუმში.

ანიმაციური ფილმების რეგიონალური ფესტივალი „თოფუზი“, რომელიც ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზის“  შედეგ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს 20-მდე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ანიმაციური ფილმების რეგიონალური ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება მხოლოდ საბავშვო ფილმები. 

 

         ძირითადი ინფორმაცია

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ჩატარდება 26-31 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში.

ანიმაციური ფილმების რეგიონალური ფესტივალი „თოფუზის" განრიგი და ჩატარების ადგილები შეთანხმდება მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზატორების მიერ კონკრეტული სიტუაციების გათვალისწინებით მოეწყობა.

 

ფესტივალის დირექტორი: ზურაბ დიასამიძე („ანიმაციის განვითარების ფონდის“ დირექტორი)

ფესტივალის ოფიციალური ენა: ქართული, ინგლისური.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; შ.პ.ს. „მიფასი“ და "ტექნო ბუმი"

 

         ფესტივალის მიზნები და ამოცანები

ქართველ და უცხოელ ხელოვანებს შორის კრეატიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, ახალი იდეების, სტილისა და ტექნოლოგიების ძიება, ქართული ანიმაციის ინტეგრირება მსოფლიოში.

ბავშვებისთვის ანიმაციის კულტურის მიმზიდველ სახეობად ქცევა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც კულტურული ღონისძიებები იშვიათად ტარდება.

საერთო ჯამში, ფესტივალის მიზანია ანიმაციური ფილმის პოპულარიზაცია როგორც უფროსებში, ასევე, ბავშვებში.

 

კატეგორიები    

 

საერთაშორისო კატეგორიები

ფიმლი უფროსებისთვის

ფილმი ბავშვებისთვის

სტუდენტური ფილმი

დებიუტი

ექსპერიმენტული ფილმი

ტელესერიალი

ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი

 

 

ეროვნული კატეგორიები

ანიმაციური გიფი

ანიმაციური ფილმების რეგიონალურ ფესტივალ „თოფუზზე" შექმნილი საუკეთესო კლიპი

 

 

ნომინაციები

გრან-პრი

საუკეთესო რეჟისორი

საუკეთესო სცენარისტი

საუკეთესო მუსიკა

საუკეთესო ტექნიკა

 

         ფილმების სელექცია

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ შედგება საკონკურსო, არასაკონკურსო და ჩვენებებისგან.

სასელექციო კომიტეტი იქმნება პროფესიონალებისაგან, რომლებიც 20 აგვისტოს გამოავლენენ ფილმებს როგორც საკონკურსო, ასევე, არასაკონკურსო პროგრამისთვის.  

სასელექციო კომიტეტს აქვს უფლება, შეცვალოს ფილმის კატეგორია, თუ მიიჩნევს, რომ ფილმი სხვა კატეგორიისთვის უფრო შესაფერისია.

სასელექციო კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა იმ ფილმის წარმოების ან დისტრიბუციის პროცესში, რომელიც საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.

სასელექციო კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.

 

          ფესტივალის ჟიური

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზზე“ გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენს მთავარი და საბავშვო ჟიური.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზის“ მთავარი ჟიური შედგება 5 კაციანი ჯგუფისგან, რომელიც დაკომპლექტებულია ანიმაციურ კინოში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

საუკეთესო ფილმი ბავშვებისთვის შეირჩევა საბავშვო ჟიურის მიერ, რომელიც 10-15 წლის ასაკის 11 ბავშვისგან შედგება.

საკონკურსო კატეგორიებსა და ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა დახურვის ცერემონიაზე, 31 ოქტომბერს,  გახდება ცნობილი.

ჟიურის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა იმ ფილმის წარმოებისა თუ დისტრიბუციის პროცესში, რომელიც საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.

ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.

 

          მონაწილეობის წესები

ფესტივალში მონაწილება უფასოა.

მხოლოდ 2019 წლის იანვრის შემდეგ შექმნილი ფილმები მიიღებენ მონაწილებას.

ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 25 წუთს.

მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი ტექნიკით შესრულებული ფილმი, რომლის ხანგრძლივობის მინიმუმ 70 პროცენტი არის ანიმაცია.

იმ შემთხვევაში თუ ფილმი არ არის ინგლისურ ენაზე თან უნდა ახლდეს ინგლისური სუბტიტრები.

ფესტივალი უფლებას იტოვებს მოაწყოს გამარჯვებული ფილმების ჩვენებები, "თოფუზის" პროგრამის ფარგლებში.

ფესტივალი უფლებას იტოვებს ტელევიზიაში გამოიყენოს ფილმის ნაწყვეტი, არაუმეტეს 10 პროცენტისა.

 

          ფილმის რეგისტრაცია და დედლაინი

ფილმების აპლიკაციების მიღება იწყება 11 თებერვალს. თითოეული ფილმისთვის უნდა შეივსოს აპლიკაცია filmfreeway-ზე ან google.doc-ის საშუალებით და გამოიგზავნოს ონლაინ 2020 წლის 30 აპრილამდე. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე - tofuzifest@gmail.com.

ფილმების გამოსაგზავნად, გამოიყენეთ "Vimeo", „Youtube”, „Wetransfer” ან სხვა მსგავსი პლატფორმა.

აპლიკაცია უნდა შეავსოს ადამიანმა, რომელსაც აქვს უფლება ფილმების ფესტივალზე გაგზავნის ან ვისაც აქვს ფილმზე საავტორო უფლება.

ფესტივალზე მიღებული ფილმები ფესტივალის ორგანიზატორების არქივის საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, შეირჩა თუ არა ფილმი საკონკურსო პროგრამისთვის.

copyright 2015 Tofuzi